პროფესორი, მაურიციო ტირა
ბრეშას უნივერსიტეტი, იტალია
ურბანული და რეგიონული დაგეგმარება
ბატონი მაურიციო ტირა არის ურბანული და რეგიონული დაგეგმარების სრული პროფესორი ბრეშას უნივერსიტეტში, იტალია. მას ქონდა ამ უნივერსიტეტში რექტორის რანგში მოღვაწეობის პატივი 2016-2022 წლებში. პროფესორი ტირა ასწავლის ურბანულ დაგეგმარებას და რისკების შემცირებას სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. იგი არის სამოქალაქო და გარემოს დაცვის ინჟინერიის, საერთაშორისო თანამშრომლობის და მათემატიკის, ასევე მდგრადი განვითარების და კლიმატის ცვლილების სადოქტორო პროგრამის საბჭოს წევრი. ურბანული დაგეგმარების საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ტირა არის ბრეშას მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების აკადემიის საბჭოს წევრი და ბოლონიის მეცნიერებათა აკადემიის და ლომბარდიის რეგიონის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. იგი ასევე არის, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) საბჭოს წევრი მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, და უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ობსერვატორიის (Magna Charta Observatory) მმართველი საბჭოს წევრი. პროფესორი ტირა არის GABR კონსორციუმის მოქმედი პრეზიდენტი – ,,იტალიის კვლევისა და საგანმანათლებლო საზოგადოების ხელშეწყობის მიზნით ჩამოყალიბებული ქსელი’’. 2017 წელს პროფესორ ტირას მიენიჭა პოლ ჰარისის პრემია, ხოლო 2020 წელს მას მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის ღირსების ორდენის კომანდორის ტიტული.
მდგრადი განვითარების შენარჩუნება: ევროპული უნივერსიტეტების როლი
ბოლო ათწლეულების განმავლობაში მზარდია ევროპული უნივერსიტეტების დაინტერესება მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებით. შესაბამისად, უნივერსიტეტები ხშირად წარმოადგენენ თავს მთავარ აქტორებად ამ მიმართულებით და იაზრებენ სოციალურ პასუხისმგებლობას ცვლილებების მართვაში როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ასევე მის ფარგლებს მიღმა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 დღის წესრიგით განსაზღვრული ეტაპის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება შეკითხვები: რა მოლოდინი უნდა გვქონდეს მდგრადი განვითარების მიმართულებით მომდევნო ათწლეულისთვის? რა წვლილი უნდა შეიტანონ უნივერსიტეტებმა მდგრადი განვითარების შესახებ საერთო ხედვის შემუშავებაში?
აუცილებელია მდრადი განვითარების კონცეფციის შენარჩუნება პოლიტიკის სწრაფი ცვლილების პირობებში, როგორც ევროკავშირის, ასევე მსოფლიო მასშტაბით. რადგან ცვლილების პარადიგმა უცვლელი ტრენდია, აუცილებელია ამ კონცეფციის შესახებ სრული ინფორმირებულობა.
პროფესორი, დოქტორი მიჰაი ბოროში,
სეგედის უნივერსიტეტი, ქირურგიული კვლევების ინსტიტუტი, უნგრეთი
ინოვაციები ექსპერიმენტულ ქირურგიასა და მიკროცირკულაციურ კვლევაში
მიჰაი ბოროში (1959 წ.) არის სეგედის უნივერსიტეტის (უნგრეთი) პროფესორი ქირურგიის მიმართულებით. ამავე უნივერსიტეტში მან 1983 წელს მიიღო დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი და 1987 წელს დაასრულა ქირურგიული სერტიფიკაცია. ოსაკასა და მიუნხენში საკვლევი სტიპენდიების შემდეგ (1992–1996)მან საფუძველი ჩაუყარა ინტრავიტალური მიკროსკოპიის გამოყენებას ექსპერიმენტულ პათოლოგიაში, განსაკუთრებით მიკროცირკულაციისა და მიტოქონდრიული მექანიზმების კვლევაში კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ჰიპოქსიისა და სეპსისის დროს. ბატონი ბოროში ფლობს დოქტორის ხარისხს (1992) და ასევე, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ მინიჭებულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს (2003). მისი სამეცნიერო ნაშრომების იმფაქტ-ფაქტორი აღემატება 460-ს, მათ შორისაა სტატიები ჟურნალებში: Nature Medicine, Gastroenterology და Critical Care Medicine, 6,000-ზე მეტი ციტირებით (H-ინდექსი: 42). როგორც ქირურგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორს (1997–2024), პროფესორ ბოროშს უმუშავია მრავალ აკადემიურ პოზიცია, მათ შორის, პოსტ-დიპლომური სწავლების დეკანის მოადგილის, საგანმანათლებლო კომიტეტის თავმჯდომარისა და სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციებზე. იგი არის მულტიდისციპლინარული სამედიცინო მეცნიერებათა სადოქტორო სკოლის დამფუძნებელი წევრი და ქვეპროგრამის ხელმძღვანელი. მან წარმატებით უხელმძღვანელა 47 სადოქტორო ნაშრომს. როგორც უნარების ცენტრის დამფუძნებელ-დირექტორმა (2013–2025), მან კოორდინაცია გაუწია ეროვნული მასშტაბით ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული უნარების სწავლების პროგრამებს და არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი.
ის ახორციელებს პედაგოგიურ და საექსპერტო საქმიანობას საერთაშორისო დონეზე: იგი არის უნგრეთის აკრედიტაციის კომიტეტის წევრი, WFME-ის (სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია) აკრედიტაციის ექსპერტი ექვს ქვეყანაში და მოწვეული ლექტორი ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი).
პროფესორი ბოროში იყო ევროპის ქირურგიული კვლევების საზოგადოების პრეზიდენტი (2005–2006), უნგრეთის ფიზიოლოგიის საზოგადოების გენერალური მდივანი (2014–2018) და Shock Journal-ის უფროსი ასოცირებული რედაქტორი. მის ჯილდოებს შორისაა ჰოვარდ ჰიუზის საერთაშორისო მკვლევარ-მეცნიერის ჯილდო (1995), ევროპის ქირურგიული კვლევების საზოგადოების მიერ აღიარების უვადო ჯილდო (2014) და უნგრეთის ღირსების ოფიცრის ჯვარი (2023).
სიმულაციური უნარების სწავლება როგორც სამედიცინო განათლების მდგრადი განვითარების წინაპირობა
ინდივიდებისა თუ თერაპიული ჯგუფების სასწავლო/პროფესიული განვითარების კონტექსტში დადებითი საგანმანათლებლო გამოცდილების ხელშეწყობის მიზნით სიმულაციაზე დაფუძნებულ სამედიცინო განათლებაში გამოიყენება მრავალფეროვანი ტექნოლოგიები და მეთოდები. შესაბამისად, პროფესორ ბოროში მოხსენება აანალიზებს ორ ინოვაციურ კომპონენტს, რომლებიც თანამედროვე სამედიცინო პედაგოგიკის ეფექტური პრაქტიკის თვალსაჩინო მაგალითებია.
პირველ რიგში, უნგრეთის უნივერსიტეტებში მიკრო-ქირურგიული სასწავლო პროგრამები აჩვენებს, როგორ შეუძლია სპეციალიზებული სამუშაო სადგურებისა და სასწავლო მიკროსკოპების დანერგვის მიმართულებით სტრატეგიულმა ინვესტიციამ გადაჭრას ლოჯისტიკური სირთულეები, რაც დაკავშირებულია კლასიკური მასწავლებელი-მოსწავლე (შეგირდი) (master-apprentice) ურთიერთობების შენარჩუნებასთან თანამედროვე განათლებაში. საწყის ეტაპზე, პოსტდიპლომურ, შემდეგ კი ბაკალავრიატის დონეზე დანერგილი ეს საგანმანათლებლო პროგრამები უზრუნველყოფს აკადემიური მოსწრების და საგანმანათლებლო პროცესის ობიექტურ შეფასებას, ამასთან, ხელს უწყობს მენტორთან მნიშვნელოვან კავშირს თუნდაც დიდი სასწავლო ჯგუფების შემთხვევაში. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ზრდის სამედიცინო სწავლების ხარისხს და უზრუნველყოფს მყარი აკადემიური საფუძვლის მომზადებას რეზიდენტურისთვის ქირურგიის მიმართულებით, რაც დადებით ასპექტებს ქმნის ქირურგიის მიღმა ბევრი კლინიკური მიმართულებისთის და საბოლოო ჯამში, აუმჯობესებს პაციენტთა მოვლის პროცესის ხარისხს.
მეორე მხრივ, პიქსის (უნგრულად – პიჩის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მიერ ინიცირებული კონკურსი „უნარების რბოლა” აჩვენებს, თუ როგორ უწყობს ხელს კონკურენტული გარემო სიმულაციაზე დაფუძნებულ ტრენინგს. სამედიცინო სტუდენტების გუნდები მუშაობენ პროგნოზირებად და მოულოდნელ კლინიკურ სცენარებზე, ხელს უწყობენ ინსტიტუციათაშორის თანამშრომლობას და შესრულებული სამუშაოს სტანდარტების მუდმივ ამაღლებას.
განხილული შემთხვევების ანალიზი აჩვენებს, რომ ეფექტური სიმულაციური ტრენინგი მოითხოვს შესაბამის ინსტიტუციურ ინფრასტრუქტურას და სტრატეგიულ დანერგვას. მოხსენების მთავარი გზავნილია მუდმივი გაუმჯობესება – უკვე მიღწეულის შენარჩუნება და განვითარებისკენ სწრაფვა. ეს მიდგომა წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკის არსს სამედიცინო განათლებაში და უზრუნველყოფს ჯანდაცვის პროფესიონალთა მდგრად პროფესიულ განვითარებას.
პროფესორი დოქტორი ნიკოლოზ ფარჯანაძე
ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ევროპის უნივერსიტეტი, საქართველო
ნიკოლოზ ფარჯანაძე არის მკვლევარი, პედაგოგი
და ადმინისტრატორი ევროპის უნივერსიტეტში. მისი სპეციალიზაციაა განათლების ლიდერობა, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა და ინტერნაციონალიზაცია.
ნიკოლოზს აქვს მნიშვნელოვანი პროფესიული ცოდნა განათლების მენეჯმენტის სფეროში როგორც ეროვნულ, ისე ინსტიტუციურ დონეზე მიღებული პროფესიული გამოცდილების საფუძველზე, მაგალითად, სამუშაო გამოცდილება საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და მისი ამჟამინდელი პოზიცია ევროპის უნივერსიტეტში, სადაც ის საერთაშორისო ურთიერთობებს ხელმძღვანელობს. ადმინისტრაციულმა გამოცდილებამ მას საშუალება მისცა, ღრმად გაცნობოდა ზრდასრულთა და მოზრდილთა განვითარებად საჭიროებებს უმაღლეს განათლებაში, განსაკუთრებით, კარიერული მზადყოფნისა და უწყვეტი განათლების ინტეგრაციის კუთხით, რაც განსაზღვრავს მის მიდგომებს სასწავლო გეგმების შემუშავებისა და სტუდენტური მხარდაჭერის სერვისების მიმართ.
მისი გამოცდილება მოიცავს ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოების შემუშავებასა და უმაღლესი განათლების დაწესებულებებისა და პროგრამების შეფასებას, ასევე სწავლებას და სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელობას. როგორც ჩივნინგის სტიპენდიანტი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის განათლების ინსტიტუტში და ფულბრაიტის მოწვეული მკვლევარი არკანზასის უნივერსიტეტში, იგი გაეცნო საერთაშორისო პერსპექტივებს განათლების ლიდერობისა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს საგანმანათლებლო პოლიტიკასა და ინსტიტუციურ მენეჯმენტს, რაც ასახულია სამეცნიერო თუ აკადემიურ პუბლიკაციებში, სადაც მნიშვნელოვანია კვლევის პრაქტიკასთან ინტეგრაციის მიდგომა საგანმანათლებლო ადმინისტრირებისა და ლიდერობის განვითარების სფეროში.
ალგორითმს მიღმა: უმაღლესი განათლების როგორც საზოგადოებრივი სიკეთის შენარჩუნება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
უპირველეს ყოვლისა, მოხსენება ეხება ,,მარადიულ’’ შეკითხვას: განათლება საზოგადოებრივი სიკეთეა თუ უბრალოდ, სავაჭრო საქონელი? მიუხედავად იმისა, რომ განათლების, როგორც საქონლის (სავაჭრო პროდუქტის) კონცეფცია, როგორც ჩანს, უარყოფილია აკადემიური წრეების მიერ, კონცეფცია აქტიურად მხარდაჭერილია ბიზნესის, და თუნდაც მთავრობების მხრიდან და შესაბამისად, ეს შეკითხვა ახლა განახლებული აქტუალობით დაუბრუნდა და დამოკლეს მახვილივით ემუქრება მთელ აკადემიურ და საზოგადოებრივ სფეროს. ამდენად, წინამდებარე მოხსენება განიხილავს იმ მნიშვნელოვან გზაგასაყარს, რომლის წინაშეც დგას უმაღლესი განათლება, რადგან ხელოვნური ინტელექტი გარდაქმნის პედაგოგიკას, კვლევას და განათლების მმართველობას/ადმინისტრირებას. მოხსენება წარმოადგენს არგუმენტებს ხელოვნური ინტელექტით განპირობებული ცოდნის კომერციალიზაციის წინააღმდეგ, თუმცა ასევე წარმოადგენს მკაფიო ხედვას, რომ წინააღმდეგობა ვერ უგულებელყოფს ტექნოლოგიის პოტენციალს, ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესის ეფექტიან განხორიელებას. მოხსენება გამოკვეთს სამ ფოკუსს: აკადემიური თავისუფლება ალგორითმული კონტროლის საწინააღმდეგოდ, საზოგადოებრივი სიკეთე მარკეტიზაცია-კომერციალიზაციის საწინააღმდეგოდ, ეგალიტარიზმი ელიტიზმის საწინააღმდეგოდ. უფრო მეტიც, იგი განიხილავს ევროპულ კანონმდებლობასა და რეგულაციებს ხელოვნური ინტელექტის შესახებ, ასევე იურიდიულ ბუნდოვანებას საქართველოს შემთხვევაში და მიმოიხილავს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანური განვითარების ფუნდამენტურ საკითხებს. იგი ასევე ხაზს უსვამს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის პოლიტიკის აუცილებლობას უმაღლესი განათლების კონტექსტში, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პედაგოგიკის ჭრილში. იმის ნაცვლად, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროცესში ინტეგრირების საკითხი, იგი ხაზს რომ აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის მიმართ კოლექტიური თანხმობა, თუ რა საგანმანათლებლო ღირებულებებს უნდა ემსახუროს ხელოვნური ინტელექტი.


